пятница, 13 марта 2009 г.

სკოლა

ჩემი სკოლა მომავალ წელს 100 წლის გახდება. მართლაც საამაყოა ასეთი ძირძველი სკოლის მოსწავლე რომ ვარ. 22-ე სკოლის დამაარსებლად ნესტორ გოქაძე ითვლება.
ეს მოხდა 1910 წლის 1 იანვარს. თითქმის 100 წელი გავიდა .ვინ იცის რამდენი თაობა აღიზარდა ამ წლების მანძილზე. ჩვენამდე მოვიდა მღელვარე ფურცელი მასწავლებლის ცხოვრებიდან, თუ რა ჭაპანწყვეტით შეძლო სკოლის დაარსება ბატონმა ნესტორმა. 1908 წელს ჩატარებულა ზედა საფირჩხიის უბნის კრება. მიღებული იქნა გადაწყვეტილება: გუბერნატორის და განათლების ინსპექტორის სახელზე გაეგზავნათ მოთხოვნა 232 მცხოვრების ხელმოწერით, გახსნილიყო ერთკლასიანი სასწავლებელი ქალ-ვაჟისა, ოთხი განყოფილებით. იყო წინააღმდეგობა გუბერნატორის მხრიდან, მაგრამ განათლების ინსპექციამ ნება დართო შემდეგ გაეხსნათ სასწავლებელი. 1908 წლის სექტემბრიდან გაიხსნა ერთკლასიანი სკოლა ნაქირავებ ბინაში. შემდეგ იწყება ზრუნვა სასკოლო შენობის აგებისათვის. 1909 წლიდან დაიწყეს აშენება. მშობლები მუშაობდნენ უსასყიდლოდ.
შემონახულია განცხადება, რომელიც იტყობინება შემდეგს: ,,ზედა საფირჩხიის სამინისტრო სასწავლებელი აწარმოებს ორივე სქესის ბავშვთა მიღებას 25 აგვისტოდან დამლევამდის ღარიბებს სწავლის ფული არ გადახდებათ."

ნესტორ გოქაძის თაოსნობით აგებული იქნა ორკლასიანი სკოლის შენობა. გახსნა მოხდა 1910 წლის 1 იანვარს. გამგე მასწავლებლად დაინიშნა ნესტორ გოქაძე. სკოლის მშენებლობა თვით უბნის ღვიძლი საქმე ხდება. მოსახლეობა უსასყიდლოდ მუშაობს. შეაქვთ შეწირულობა. ასე მოხერხდა 2 ოთახის მიშენება უნებართვოდ. ნესტორი სახელმწიფოს კვლავ სთხოვს დახმარებას: ორ მესამედს მშენებლობის ხარჯებისას. შემდეგ სთხოვს განათლების ინსპექტორს ექსპლოატაციაში მიიღონ სკოლა, მაგრამ ეს თხოვნა უპასუხოდ იქნა დატოვებული. დაიწყო სკოლის ეზოს კეთილმოწყობა, გაკეთდა ქვის ყორე, ჭიშკარი, გაჭრილი იქნა გზა მოწამეთის ქუჩიდან სკოლამდე. ამ გზას ნესტორის თაოსნობით და უბნის მხარდაჭერით უწოდეს განათლების ქუჩა. ეს სახელი ერქვა 1950 წლამდე, შემდეგ გადაკეთდა კიროვობადის ქუჩად, ეხლა ისევ განათლების ქუჩაა.



1919 წლიდან საფირჩხიის სკოლას ეწოდა მე-3 ოთხწლედი. საფირჩხიის ოთხკლასიანი სასწავლებელი დაკომპლექტდა გამოცდილი პედაგოგებით. სკოლამ განიცადა ის ცვლილებები, რაც ოქტომბრის რევოლუციის შედეგად მოხდა. პროლეტარულმა სახელმწიფომ გააუქმა სწავლების გადასახადი. 1928-1930 წლებში ნესტორ გოქაძემ ჩამოაყალიბა წერა-კითხვის უცოდინრობის ლიკვიდაციის სკოლა, რომელიც მისი სკოლის ბაზაზე იყო გახსნილი და აერთიანებდა 60-მდე მოსწავლეს. იყო ხანში შესული კაცები და ქალები. მეცადინეობა ტარდებოდა 2 დღეში ერთხელ 3-4 საათის შემდეგ .

1930 წელს ნესტორმა გააფორმა საშეფო ხელშეკრულება ქუთაისის კირის ქარხანასთან, ამ ქარხანაში მუშაობდა მრავალი მოწაფის მშობელი, ეს შეფობა გაგრძელდა 1936 წლამდე. 1932 წლიდან სკოლას დაერქვა მე-14 საშუალო სკოლა, სადაც 7 კლასი იყო. 1940 წლიდან სკოლას ერქვა ქალთა მე-9 საშუალო სკოლა. დირექტორი იყო ნადეჟდა ასლანის ასული ერისთავი. რომელიც 1974 წლამდე ედგა სათავეში. 1974-1983 წლებში სკოლის დირექტორად მუშაობდა დიმიტრი თაბუკაშვილი, მერე 1983-1986 წლებში დირექტორი იყო გიული გვიშიანი, 1986-2005 წლებში სკოლას ხელმძღვანელობდა ნუნუ ქათამაძე ,ამჟამად სკოლის დირექტორია თეა ჩხეტია.

ნესტორ გოქაძის მიერ დაარსებულ სკოლას არასოდეს უღალატია ტრადიციისათვის.

1971წელს აშენდა ახალი ოთხსართულიანი შენობა, 1981 წლისათვის მიშენდა მე-2 ოთხსართულიანი შენობა, ამ დროისათვის სკოლაში 476 მოსწავლე სწავლობდა.

დღეისათვის სკოლაში ამდენი ბავშვი არა ვართ, მაგრამ, იმედია, მომავალში მეტნი ვიქნებით.

ბევრი სიახლეა ჩვენთან, ახალი ფანჯრები გვაქვს, ახალი გათბობის სისტემა, კომპიუტერები და ინტერნეტი.

.







































ჩვენი სკოლიდან მთელი ქალაქი ხელისგულზე გადაშლილი მოჩანს, არამარტო ქალაქი, ულამაზესი პეიზაჟი იშლება ჩვენგან. ეს ჩვენი ბაბუების, მამების და ჩვენი სკოლაა, იმედია ჩვენი შვილებიც აქ ისწავლიან .